მუხლის სახსრის დაავადებები:
დიაგნოსტიკა და მკურნალობის
თანამედროვე მიდგომები
მუხლის სახსარი ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და
ფუნქციურად დატვირთული სახსარია. ყოველდღიურად იგი მნიშვნელოვან
დატვირთვას განიცდის სიარულის, სირბილის, კიბეზე ასვლისა და ფიზიკური
აქტივობის დროს. ტკივილი, შეშუპება და მოძრაობის შეზღუდვა შესაძლოა
დაკავშირებული იყოს არა მხოლოდ ტრავმულ დაზიანებებთან, არამედ
ანთებით, დეგენერაციულ და სხვა პათოლოგიურ პროცესებთან.
მუხლის სახსრის ყველაზე გავრცელებული დაავადებები
• გონართროზი (ოსტეოართრიტი) — ქრონიკული დეგენერაციული
დაავადება, რომელიც აზიანებს სასახსრე ხრტილს, სუბქონდრარულ
ძვალსა და სახსრის სხვა სტრუქტურებს. დაავადებას შესაძლოა თან
ახლდეს ტკივილი, მოძრაობის შებოჭილობა და სახსრის მობილობის
პროგრესირებადი შეზღუდვა.
• მენისკების დაზიანებები — მენისკების ტრავმული ან დეგენერაციული
ცვლილებები, რომლებიც ხშირად ვლინდება ტკივილით, შეშუპებით,
მოძრაობისას ტკაცუნითა და სახსრის ფუნქციის დარღვევით.
• სინოვიტი — სინოვიური გარსის ანთება, რომელსაც შესაძლოა თან
ახლდეს სახსრის ღრუში სითხის დაგროვება, შეშუპება და ტკივილი.
• იოგოვანი აპარატის დაზიანებები — იოგების ნაწილობრივი ან სრული
გაგლეჯა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ტკივილი, სახსრის
არასტაბილურობა და მოძრაობის შეზღუდვა.
• ტენდინოპათიები და ბურსიტები — მყესებისა და სახსრის ირგვლივ
მდებარე სინოვიური ჩანთების პათოლოგიური ცვლილებები, რომლებიც
ხშირად დაკავშირებულია პერმანენტულ ფიზიკურ დატვირთვასთან,
ტრავმებთან ან ანთებით პროცესებთან.
როდის არის აუცილებელი ტრავმატოლოგ-ორთოპედის
კონსულტაცია?
ტრავმატოლოგ-ორთოპედთან მიმართვის ძირითადი საფუძველია მუხლის
სახსრის მუდმივი ან პერიოდულად განმეორებადი ტკივილი, შეშუპება, მოხრისა
და გაშლის შეზღუდვა, არასტაბილურობის შეგრძნება, მოძრაობისას
მტკივნეული ტკაცუნი ან სახსრის ბლოკირების (გაჭედვის) ეპიზოდები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დროული კონსულტაცია, როდესაც
სიმპტომები ვითარდება ტრავმის შემდეგ ან თანდათან პროგრესირებს და
ზღუდავს პაციენტის ყოველდღიურ აქტივობას.
© 2026 | COPYRIGHT PROTECTED|Dr. G.Mirotadze MD
გამოხატული ტკივილის, კიდურზე დაყრდნობის შეუძლებლობის ან მკვეთრად
შეშუპებული და ადგილობრივად გახურებული სახსრის შემთხვევაში,
განსაკუთრებით სხეულის ტემპერატურის მატებასთან ერთად, აუცილებელია
გადაუდებელი სამედიცინო შეფასება.
დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები
დიაგნოსტიკა იწყება პაციენტის კლინიკური შეფასებით, რომლის დროსაც
დგინდება სახსრის მოძრაობის მოცულობა, სტაბილურობა და ტკივილის
ხასიათი.
კლინიკური ჩვენების შესაბამისად, დამატებით შესაძლოა დაინიშნოს
რენტგენოლოგიური კვლევა, ულტრაბგერითი გამოკვლევა ან მაგნიტურ-
რეზონანსული ტომოგრაფია.
თანამედროვე ორთოპედია ეფუძნება ინდივიდუალურ მიდგომას, სახსრის
ფუნქციის შენარჩუნებასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული
მკურნალობის მეთოდების გამოყენებას.
დადგენილი დიაგნოზის მიხედვით, მკურნალობა შესაძლოა მოიცავდეს
მედიკამენტურ თერაპიას, სამკურნალო ვარჯიშებს, ინდივიდუალურად შერჩეულ
ორთეზულ მხარდაჭერას, სახსარშიდა ინიექციებსა და კომპლექსურ
რეაბილიტაციას.
გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით სახსრის სტრუქტურული
დაზიანებების არსებობისას ან კონსერვატიული მკურნალობის არასაკმარისი
ეფექტურობის შემთხვევაში, შესაძლოა განხილულ იქნეს ქირურგიული ჩარევის
აუცილებლობა.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მენისკის ყველა დაზიანება არ საჭიროებს
ქირურგიულ მკურნალობას, ხოლო გონართროზის დიაგნოზი არ ნიშნავს, რომ
პაციენტს აუცილებლად დასჭირდება სახსრის ენდოპროთეზირება.
სამკურნალო ტაქტიკის შერჩევა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე,
სიმპტომების სიმძიმეზე, პაციენტის ფუნქციურ საჭიროებებსა და
ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
მკურნალობის მთავარი მიზანი
ორთოპედიული მკურნალობის მიზანი მხოლოდ ტკივილის დროებითი
შემცირება არ არის. იგი მიზანმიმართულია სახსრის მოძრაობის მაქსიმალურ
აღდგენაზე, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე, მუხლის სახსრის ფუნქციის
შენარჩუნებასა და შესაძლო გართულებების პრევენციაზე.
© 2026 | COPYRIGHT PROTECTED|Dr. G.Mirotadze MD
დროული დიაგნოსტიკა და სწორად შერჩეული მკურნალობა ხშირ შემთხვევაში
საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს დაავადების სიმპტომები და შენარჩუნდეს
პაციენტის ჩვეული ფიზიკური აქტივობის დონე.
© 2026 | ექ. გიორგი მიროტაძე MD| საავტორო სამედიცინო მასალა. ყველა
უფლება დაცულია.
სამედიცინო ლიტერატურა და წყაროები
სტატია მომზადებულია საერთაშორისო დონეზე აღიარებული პროფესიული
სამედიცინო ორგანიზაციების კლინიკურ რეკომენდაციებსა და სამეცნიერო
პუბლიკაციებზე დაყრდნობით.
ამერიკის შეერთებული შტატები
1. 2. American Academy of Orthopaedic Surgeons (AAOS) — Arthritis of the Knee —
მუხლის სახსრის ართრიტის დიაგნოსტიკა და მკურნალობა.
AAOS — Management of Acute Isolated Meniscal Pathology (2024) — მენისკების
დაზიანებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის კლინიკური
რეკომენდაციები.
ევროპა
3. 4. National Institute for Health and Care Excellence (NICE) — Osteoarthritis in Over 16s:
Diagnosis and Management — ოსტეოართრიტის დიაგნოსტიკისა და
მკურნალობის ბრიტანული კლინიკური რეკომენდაციები.
European Society of Sports Traumatology, Knee Surgery and Arthroscopy (ESSKA) —
EU–US Meniscus Rehabilitation Consensus (2025) — საერთაშორისო კონსენსუსი
მენისკების დაზიანებების კონსერვატიული მკურნალობისა და
რეაბილიტაციის შესახებ.
რუსეთი
5. 6. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტრო — კლინიკური
რეკომენდაციები „გონართროზი“ (2024) — ეროვნული კლინიკური
რეკომენდაციები, რომლებიც შემუშავებულია რუსეთის ტრავმატოლოგ-
ორთოპედთა და რევმატოლოგთა პროფესიული ასოციაციების
მონაწილეობით.
კლინიკური რეკომენდაციები „მუხლის სახსრის სასახსრე ხრტილის
დაზიანებები“ (2024) — მუხლის სახსრის სასახსრე ხრტილის
დაზიანებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის რეკომენდაციები.© 2026 | COPYRIGHT PROTECTED|Dr. G.Mirotadze MD