რა არის პერიმენოპაუზა?
პერიმენოპაუზა არის მენოპაუზამდე გარდამავალი პერიოდი, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წელი გაგრძელდეს.
ხშირად პირველი ნიშანი მენსტრუალური ციკლის ცვლილებაა: მენსტრუაცია შეიძლება გახდეს უფრო ხშირი ან იშვიათი, უფრო უხვი ან ნაკლებად უხვი, შეიცვალოს ციკლის ხანგრძლივობაც.
ამ პერიოდში ორსულობა კვლავ შესაძლებელია, ამიტომ თუ ორსულობა არ არის სასურველი, კონტრაცეფციის გამოყენება უნდა გაგრძელდეს.
რა სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს?
მენოპაუზური გარდამავალი პერიოდი ყველა ქალში განსხვავებულად მიმდინარეობს. ზოგიერთს თითქმის არ აქვს ჩივილები, ზოგიერთ შემთხვევაში კი სიმპტომები მნიშვნელოვნად მოქმედებს ძილზე, სამუშაოზე, სექსუალურ ცხოვრებასა და ზოგად თვითშეგრძნებაზე.
ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
· ალები და ღამის ოფლიანობა;
· ძილის დარღვევა ან უძილობა;
· მენსტრუალური ციკლის ცვლილებები;
· საშოს სიმშრალე და დისკომფორტი;
· ტკივილი სქესობრივი აქტის დროს;
· გახშირებული შარდვა ან შარდის შეუკავებლობა;
· განწყობის ცვლილებები და შფოთვა;
· ცხოვრების ხარისხის გაუარესება რამდენიმე სიმპტომის ერთდროული არსებობის გამო.
მნიშვნელოვანია, 40–45 წლის შემდეგ ყველა ახალი სიმპტომი ავტომატურად „ჰორმონებს“ არ მივაწეროთ. გამოხატული სისუსტე, უჩვეულო სისხლდენა, ხანგრძლივი ტკივილი ან მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება ექიმის ცალკე შეფასებას საჭიროებს და შესაძლებელია იყოს სხვა დაავადების ან მდგომარეობის სიმპტომი.
საჭიროა თუ არა ჰორმონების ანალიზები?
ტიპურ შემთხვევაში მენოპაუზური გარდამავალი პერიოდის შეფასება შესაძლებელია ასაკის, მენსტრუალური ციკლის ცვლილებებისა და სიმპტომების მიხედვით.
ექიმის მთავარი ამოცანა მხოლოდ იმის დადასტურება არ არის, რომ საკვერცხეების ფუნქცია მცირდება.
მნიშვნელოვანია გავიგოთ:
რა სიმპტომები აწუხებს ქალს, რამდენად მოქმედებს ისინი მის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და რომელი მკურნალობის მეთოდი იქნება მისთვის ყველაზე შესაფერისი.
შეიძლება თუ არა მენოპაუზის მკურნალობა? თავად მენოპაუზა ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია და „მკურნალობას“ არ საჭიროებს.
მაგრამ მისი სიმპტომების მკურნალობა შესაძლებელია.
არსებობს როგორც ჰორმონული, ისე არაჰორმონული მკურნალობის მეთოდები. არჩევანი დამოკიდებულია კონკრეტულ ჩივილებზე, ასაკზე, ბოლო მენსტრუაციიდან გასულ დროზე, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და ძვლოვანი ქსოვილის მდგომარეობაზე, სამედიცინო ისტორიასა და ინდივიდუალურ რისკ-ფაქტორებზე.
მაგალითად, გამოხატული ალებისა და ღამის ოფლიანობის დროს შეიძლება განხილულ იქნას მენოპაუზური ჰორმონული თერაპია, ხოლო საშოს სიმშრალისა და სქესობრივი აქტის დროს ტკივილის შემთხვევაში — ადგილობრივი მკურნალობა.
მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ექიმთან ერთად.